ომარ ჩხაიძის პერსონალური გამოფენა „გზა სინათლისა“ გაიხსნება
1 აპრილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ომარ ჩხაიძის პერსონალური გამოფენა „გზა სინათლისა“ გაიხსნება. ომარ ჩხაიძე თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მხატვარია. მან საკუთარი სტილი და ფერწერის უბადლო ტექნიკა შექმნა. სინათლე ომარ ჩხაიძისთვის არა ფიზიკური მოვლენა, არამედ მეტაფიზიკური სუბსტანციაა. 50 წელზე მეტია ის ხედავს ამ სულიერ სინათლეს, ცხოვრობს ამ სინათლეში და ხატავს ამ სინათლეს. ეს მისი რეალობაა, ის რეალობა, რომელიც იქმნება სულისა და გონების ჰარმონიის საფუძველზე. ამიტომაც, ის ფერწერაში საკუთარ თავს რეალისტად, უფრო ზუსტად კი მეტაფიზიკურ რეალისტად მიიჩნევს. მისი ნამუშევრები არა აბსტრაქციული, არამედ კონკრეტულია, რადგან ის ხატავს კონკრეტულ სინათლეს, გარდაქმნის მას ფერად და ქმნის სამყაროს თავისეულ ანთოლოგიურ სურათს.
ომარ ჩხაიძე დაიბადა 1944 წლის 16 აპრილს საქართველოში (სამტრედიის რაიონი სოფელი ჭოგნარი). 1966 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1973 წელს – თბილისის სამხატვრო კადემია. 1964 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. 1992 წლიდან მხატვარი ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. 2000 წელს ხსნის საკუთარ გალერეას მოსკოვის ცენტრალურ მხატვრის სახლში, სადაც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ომარ ჩხაიძე რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. მისი ხელოვნება აღიარებულია მსოფლიოში. ნოვატორმა მხატვარმა ომარ ჩხაიძემ, ფაქტობრივად, გაიმეორა პირველ უსაგანო ავანგარდისტთა გზა. ის ემიჯნება რა მათ, განავითარებს „წმინდა ხელოვნების ენას“ ფერწერაში. მხატვრის ბოლო ნამუშევრები, შექმნილი 2009-2014 წლებში, უჩვენებს რომ ნეოპლასტიციზმისა და სუპრემატიზმის ეპოქა, დაწყებული 1910 – 1920 წლებში მონდრიანისა და მალევიჩის მიერ, აგრეთვე პანგეომეტრიული ტრადიციები, რომლებიც ხელოვნებაში რამდენიმე საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა, დასრულებულია. ის ქმნის სურათს „ნათელში გასვლა“, გადადის „ტრანსცენდენტულ ნულში“, იწყებს მხოლოდ სუბსტანციის, მხოლოდ ვიბრირებული სულიერი ნათელის ხატვას და ქმნის ახალ ესთეტიკას ხელოვნებაში – სინათლის ესთეტიკას. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2015 წლის აპრილში, მხატვარ ომარ ჩხაიძის რეტროსპექტრულ გამოფენაზე წარმოდგენილია მისი მოღვაწეობის ყველა პერიოდის ნამუშევრები. გამოფენა 26 აპრილამდე გაგრძელდება.