ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში მარიკა ქაცარავას რომანტიკული მელოდრამის ჩვენება გაიმართება

3 აპრილს, 20:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში ახალგაზრდა რეჟისორის მარიკა ქაცარავას რომანტიკული მელოდრამის ჩვენება გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, ფილმს რამდენიმე სკოლის მე-11 კლასელები, სტუდენტები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაესწრებიან.
“ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ფილმის გმირებს და დაუსვან კითხვები. რეჟისორთან ერთად განიხილონ ესა თუ ის სიუჟეტი. შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალ “კვირას” მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი გაუძღვება.
„ზღვარი”, – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“-ს მიხედვით გადაიღო. საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 33 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მარიამ ქაცარავამ სპეციალური პრიზიც დაიმსახურა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რეჟისორებისგან საინტერესო შეთავაზებებიც მიიღო.
ფილმის შინაარსი ასეთია: მთავარი გმირის, ნინის (26 წლის) ოჯახი დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში. ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენ გიგის. ნინისთვის ეს გარიგება საინტერესო აღმოჩნდება. მათი შეხვედრები გრძელდება მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ნინი შემთხვევით არ გაიცნობს 30 წლის მხატვარ ზაზას, რომელიც არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევანის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს, ან კეთილდღეობა. ფილმში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები – ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, თამარ მაყაშვილი, ნინო ლეჟავა, ზაზა იაქაშვილი, ჯანო იზორია და სხვები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები