ლელა ნინუას პოეზიის საღამო „ზამთრის აპრილი“ გაიმართა
დღეს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ტელეწამყვანის და პოეტის, ლელა ნინუას პოეზიის საღამო „ზამთრის აპრილი“ გაიმართა, სადაც ავტორმა როგორც ძველი, ისე ახალი ლექსები წაიკითხა.
„ჩემი პოეზიის საღამოს 300 სტუდენტი ესწრებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სდასუს ხელმძღვანელობას. დღევანდელი დღე იმით იყო გამორჩეული, რომ ჩემი ლექსების შემდეგ სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი ლექსები წაეკითხათ. აღმოჩნდა, რომ მათაც უყვართ წერა და ძალიან კარგად წერენ“, – ამბობს ლელა ნინუა.
ლელა ნინუას ინფორმაციით, მალე მისი მეორე ლექსების კრებული გამოვა, რომელსაც საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი დააფინანსებს. ამასთან, აპრილის შუა რიცხვებში, უნივერსიტეტში ღია ცის ქვეშ ლელა ნინუას გრანდიოზული შემოქმედებითი საღამო გაიმართება, სადაც სდასუს სტუდენტებთან ერთად სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობები და სტუდენტები იქნებიან მოწვეულნი. „დღეს სდასუს რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ მე და ივიკო სეხნიაშვილს გვთხოვა, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით უცნობ პოეტებს გამოავლენს და შემდგომში ამ ავტორების ლექსების კრებულის დაფინანსებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს,“ – ამბობს ლელა ნინუა.