კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება – ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონში

კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. დღეს გორში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“.
კონფერენციას უძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე შიდა ქართლის რეგიონში გურამ მაჭარაშვილი. კონფერენციაში მონაწილეობენ შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში. კონფერენციის ფარგლებში, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები