თბილისის საკონცერტო დარბაზში ევგენი კისინის სოლო-კონცერტი გაიმართება

30 მარტს ფონდ „იავნანას“ და „ვითიბი ბანკის“ ორგანიზებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ევგენი კისინის სოლო-კონცერტი გაიმართება.
„ის გენიაა!“- ასე შეაფასა დიდმა მაესტრომ ჰერბერტ ფონ კარაიანმა 17 წლის ევგენი კისინის საშემსრულებლო ოსტატობა. 11 წლის შემდეგ კი, 1999 წლის 10 მაისს გაზეთმა „თაიმსმა“ თავისი აღმოჩენის შესახებ მკითხველს გაუზიარა:
„გენიალობის ყველა ნიშანი თვალსაჩინოა: მდიდარი, მჟღერი მოდულაცია, თითების გამაოგნებელი მოძრაობა და, რაც მთავარია, უსაზღვრო ფანტაზია. პიანისტ კისინის საშემსრულებლო ოსტატობა იმდენად მიმზიდველია, ხოლო მისი შეხება თუნდაც ძალზე ნაცნობ ფრაზებთან ისე ახლებური, რომ კაცი თითოეულ ნოტს გაფაციცებით უსმენს. ნელი ტემპით შესრულებული ნაწარმოების ერთი ნაწილის დასასრულს აღმოვაჩინე, რომ მისეული წაკითხვით მონუსხული, ჩემდაუნებურად, სავარძლის სახელურს ვებღაუჭებოდი“.
ევგენი კისინმა როიალზე იმპროვიზირებული დაკვრა ორი წლის ასაკში დაიწყო, 10 წლისამ კი პირველი სოლო კონცერტი გამართა. იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მათ შორის: გრემი, „ედისონ კლასიკ“ (ჰოლანდია), „ოქროს დიაპაზონი“ და საფრანგეთის „La Nouvelle Academie du Disque“- ის გრან-პრი. ის იყო პირველი სოლისტი, რომელსაც მანჰეტენის მუსიკალურმა სკოლამ მუსიკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
2005 წლის ივნისში ის ლონდონის სამეფო მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრი გახდა, ხოლო 2005 წელს მას ჰერბერტ ფონ კარაიანის მუსიკალური პრიზი გადაეცა. ევგენი კისინი სოლო, საორკესტრო და კამერული პროგრამებით გამოდის ლონდონის, მილანის, პარიზის, ზალსბურგის, ვენისა და ამერიკის ქალაქების პირველი კლასის საკონცერტო დარბაზებში. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ქალაქის საკრებულო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები