მინდია ჯანელიძეს ფრანგმა კოლეგამ უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებსაც შეეხნენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.
„მინდა ვიზიტი შევაფასო ძალიან წარმატებულად, ვინაიდან ჩვენ საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს. ეს შეეხება როგორც განათლების, ისე სამხედრო მომზადებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშორმლობის სფეროებს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საფრანგეთთან აქტიურ რეჟიმში ურთიერთობას. ჩნდება ურთიერთობის ახალი პერსპექტივები, ახალი პლატფორმები. საფრანგეთთან, როგორც ნატოს ერთ-ერთ წამყვან წევრთან და როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება“, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის ვიზიტის შეფასებისას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო. საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას ტრიუმფალურ თაღთან პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები