მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლის გასტროლები

თბილისში 26 და 27 მარტს, 19.00 საათზე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლის სპექტაკლი „ქალები კაცების გარეშე. სულ ეს არის“. სპექტაკლი დადგმულია ფედერიკო გარსია ლორკას პიესის „ბერნარდა ალბას სახლის“ მიხედვით, რომლის დამდგმელი რეჟისორი – რუსეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი ელენა კრინჟინაა. მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლის დელეგაცია თბილისში 25-დან 30 მარტის ჩათვლით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის“ მოწვევით ჩამოდის. პროექტის მხარდამჭერია კომპანიების ჯგუფი „მურმანსკის ცივკომბინატი“, პირადად მეცენატი და რუსეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი კაკაბაძე. ვიზიტის ფარგლებში თბილისს ეწვევა მურმანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლიუდმილა ლევჩენკო. სტუმრები დაესწრებიან გრიბოედოვის თეატრის მონოსპექტაკლს „კასტინგი“, შეხვდებიან საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიბოედოვის თეატრის სამიზნე ჯგუფის სტუდენტებს და ყმაწვილი მსახიობის თეატრ-სტუდია „ზოლოტოე კრილცოს“ მოსწავლეებს, მოინახულებენ თბილისს და საქართველოს რეგიონებს. პროექტის მიზანია კულტურული გაცვლა და შემოქმედებითი დიალოგი თბილისის და მურმანსკის ახალგაზრდებს შორის.
მურმანსკის საბავშვო თეატრალური სკოლა დაარსდა 1996 წელს. მასში 700-მდე ყმაწვილი სწავლობს 3-დან 20 წლამდე. არსებობის მანძილზე სკოლამ გამოუშვა ასობით მსახიობი, თეატრის კრიტიკოსი, თეატრის ტექნიკოსი და ა.შ.
30 მარტს, 11:00 საათზე საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო „რია ნოვოსტიში“ გაიმართება შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები