ფილმის „დიდებული სილამაზე“ ჩვენება გაიმართება

29 მარტს, 17:00 საათზე Movie Library-ში პაოლო სორენტინოს ფილმი „დიდებული სილამაზე“ იქნება ნაჩვენები. „დიდებული სილამაზე“ 65 წლის წარმატებული ჟურნალისტის, ჯეპ გამბარდელას (ტონი სერვილო) თვალით დანახულ თანამედროვე იტალიას აღწერს. მას მუდმივად გავლენიან ადამინებთან უწევს ურთიერთობა: პოლიტიკოსები, არისტოკრატები, მაღალი რანგის კრიმინალები, ჟურნალისტები, მსახიობები, ინტელექტუალები… გამბარდელა ტონიკიანი ჯინით გაჟღენთილი თვალებით ამ ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი, მაგრამ ცარიელი და დაკარგული ადამიანების ჯგუფს აკვირდება და ცდილობს, გაარკვიოს, როგორია მათი ცხოვრება ამ ფასადური გლამურის მიღმა.
პაულო სორენტინოსთვის „დიდებული სილამაზე“ მეექვსე მხატვრული ფილმია. აქედან ხუთი კანის ფეტივალზე ოქროს პალმის რტოზე იყო წარდგენილი. ამავე ფესტივალზე მისმა ბიოგრაფიულმა ფილმმა „Il Divo”-მ 2008 წელს ჟიურის პრიზი მოიპოვა. 2011 წელს გადაღებულმა ფილმმა კი, სახელწოდებით „ეს უნდა იყოს ადგილი“– ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა. სორენტინო დღეს იტალიაში ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული რეჟისორია. მას ხშირად ადარებენ ფელინის გადაღების სტილისა და რეალობის მძაფრი აღქმის უნარის გამო. ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება განხილვა – ბექა ელბაქიძესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები