“მოძრაობის თეატრი” პრემიერისთვის ემზადება

27,28,29 მარტს, 20:00 საათზე კახა ბაკურაძის “მოძრაობის თეატრში” საპრემიერო ჩვენებებია: „მატრიარქატი“,- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის შესახებაც „კვირა“ თეატრის დამაარსებელს და სპექტაკლის რეჟისორს კახა ბაკურაძეს ესაუბრა.

– თქვენი სპექტაკლი ძალიან აქტუალურ თემას ეხმაურება. ეს არის ძალადობის თემა. რატომ „მატრიარქატი“?

– ეს არის სპექტაკლი-ექსპერიმენტი და ეძღვნება, უპირველეს ყოვლისა, ძალადობას, ქალებზე ძალადობას, ოჯახურ ძალადობას. ის ეძღვნება ჩვენს ქალებს. მე ქართველი ვარ და სპექტაკლს განსაკუთრებულად ვუძღვნი სწორედ ქართველ ქალებს, რომლებიც შეეგუვნენ ასეთ ძალადობას. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ეს სპექტაკლი ასევე ეძღვნება იმ კაცებს, რომელთაც არ იციან, როგორ მოექცნენ საკუთარ ქალებს და სხვის ქალებს როგორ მოექცევიან, ხომ წარმოგიდგენიათ? ის ეძღვნება ახალგაზრდა გასათხოვარ გოგონებს, რომლებიც ორჭოფობენ, არ იციან, გაჰყვნენ ცოლად, თუ არ გაჰყვნენ, თუ საერთოდ არ გათხოვდნენ. ეს სპექტაკლი ეხება იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება და სადაც ქართველი ქალები მთავარ როლში არიან. ის ასევე ეძღვნება მატრიარქატს, რომელიც დიდი ხანია დაიწყო. ფაქტია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა პატრიარქატში, არამედ მატრიარქატში. თუმცა, ამას არავინ აღიარებს. არ მინდა რელიგიაზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ამას არც მართლმადიდებლობა აღიარებს.
ჩვენთან ქალებს არა აქვთ უფლება, იყვნენ კაცების თანასწორნი… თუმცა ქალებმა გადააბიჯეს ამ ზღვარს. ის, რომ მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ერის გამრავლება, უკვე პრივილეგიას აძლევს მათ. დროა, მივეხმაროთ ქალებს, სულ ცოტა ბავშვების გაჩენაში მაინც. ქალები სულ უფრო და უფრო იმყარებენ პოზიციებს. არ ვიცი, რომელი ერთი ვთქვა. მაგალითად, შუქნიშანზე რომ გაჩერდები, ათი მძღოლიდან 8 ქალია. 30 წლისა წინ ასე არ იყო. მაგალითად, ჩემს სახლში სამი ქალი მძღოლი ცხოვრობს: ჩემი შვილი, ჩემი ცოლი და ჩემი და. მე ფეხით დავდივარ. მატრიარქატია, აბა, რა არის? ქალებმა ემანსიპაციასაც გადააბიჯეს.
11056918_944858758881638_1483477399_n
– დავუბრუნდეთ ისევ სპექტაკლს...

-სპექტაკლი ყველა სახის და ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. ვერსიაც ჩემია, სცენარიც, თუმცა ყველამ ერთად განვახორციელეთ – ჩემმა მოწაფეებმა, ქორეოგრაფებმა, რომლებმაც, უკვე დროა, საკუთარი თავი გამოამჟღავნონ. მათაც, ვფიქრობ, რომ კარგად გაართვეს თავი. მუსიკა რეზო კიკნაძისაა, რომელსაც მისი ბენდი „კონსილია“ ასრულებს. ჩემთვის ეს მისტერიაა. ჩვენ ასეთი მასშტაბის მუსიკას ვერ ვქმნით. ეს გახლავთ სანდრო ნიკოლაძისა და რეზოს ერთობლივი ნამუშევარი. გვინდა, აქ მოსულმა მაყურებელმა – ყველამ თავისი სათქმელი იპოვოს. ჩვენი მიზანია, მაყურებელმა თავი კარგად იგრძნოს და დაიმუხტოს დადებითი ემოციებით. იქნება აზრთა სხვადასხვაობა. პრინციპში, ამის გარეშე შუძლებელია. თუ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ესე იგი სპექტაკლი არ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები