ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო თეატრის დღეს – 27 მარტს გაიმართება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, ტრადიციისამებრ, ერთად აღნიშნავენ მსოფლიო თეატრის დღეს. უკვე 7 წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. წელს ფესტივალი საერთაშორისო გახდა და საქართველოსთან ერთად, მასში მონაწილეობას იღებენ ყაზახეთის, უკრაინის, სომხეთისა და ლიტვის უმაღლესი სახელოვნებო (თეატრალური) სასწავლებლები.
24 და 25 მარტს, 18:00 საათზე წინასაფესტივალო ჩვენებები გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე (რუსთაველის გამზ.17).
26 მარტს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება უცხოელი სტუმრების ეტიუდების რეპეტიცია და 5 უნივერსიტეტის 1 საერთო ეტიუდისათვის მზადება.
27 მარტს, 16:00-საათზე – 5 ქვეყნის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს და გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია, მინიმუმამდეა დაყვანილი.
საკონკურსო პროგრამის შემდეგ კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: გრან- პრი, საუკეთესო საერთაშორისო ეტიუდი, საუკეთესო საუნივერსიტეტო ეტიუდი, საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი და საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი, საუკეთესო ქორეოგრაფიული ეტიუდი, საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო მსახიობი კაცი. ასევე გაიცემა სტუდენტური ჟიურის და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრიზები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ თეატრალური უნივერსიტეტის და მარჯანიშვილის თეატრისაგან.
ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი თემო კუპრავა გახლავთ. ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა. დასწრება თავისუფალია, ადგილების რაოდენობა შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები