„მინდა, რომ თეატრმა პიროვნებების ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, ისე, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება…“

 „დიპლომით სტომატოლოგი ვარ, პროფესიით მსახიობი. თეატრს ვერასდროს ვუღალატებ, რადგან თეატრის მტვერს ერთხელ თუ გადაყლაპავ, მერე იქიდან წასვლა შეუძლებელია. თეატრი ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს ცხოვრებას, თუმცა იგი ისეთი რთული მექანიზმია, რომ ხან გაუსწრებს ეპოქას, ხან ჩამორჩება…“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია.

 – როდის და როგორ მოხვედით თეატრში?

– მერვე კლასში ვიყავი, როდესაც თეატრის მსახიობი ლევან კვერნაძე სკოლაში მოვიდა და სპექტაკლისთვის რამდენიმე მოსწავლე შეგვარჩია. შემდეგ თეატრში წამიყვანა და, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ, ჩემთვის თეატრის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, ამის არა მხოლოდ სურვილი, მოთხოვნილებაც მქონდა.
– 36 წელი სცენაზე და 100-ზე მეტი როლი…11072352_829574843758236_799881527_n
– საერთოდ, როგორც თეატრია ცხოვრების სარკე, ისე მსახიობია სარკე დანარჩენი მოსახლეობის. მსახიობობა ძალიან რთული და საპასუხიმგებლო საქმეა. მსახიობმა უნდა მიიტანოს მართალი სიტყვა მაყურებლამდე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მას ყველაფრის მიცემა შეუძლია საზოგადოებისთვის.
მსახიობისთვის კი ყველა როლი მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარ, ეპიზოდურ თუ მეორეხარისხოვან როლს თამაშობ. ყველა პერსონაჟი შენი ღვიძლი შვილივით არის. მაგრამ არის გამორჩეული როლები, რომლებიც განსაკუთრებით გიყვარს და მთელი ცხოვრების მანძილზე გახსოვს. მაგალითად, 1983 წელს დაიდგა სპექტაკლი „გზა“, რომელშიც პირველად ვითამაშე მთავარი როლი, რომლის ტექსტი დღესაც ზეპირად მახსოვს. გამორჩეულად მიყვარს ჩემი როლები სპექტაკლებში: „დაბრუნება“,  „ხორუმი ქართული ცეკვაა“ და „თავისუფლების შუაღამე“. ეს როლები არა მხოლოდ მიყვარს, მათ გარკვეული კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც.
მე რატომღაც სულ დადებით როლებს ვთამაშობდი და ალბათ, სწორედ ამ როლების დამსახურებაა, რომ ვარ ძალიან ლმობიერი და დამთმობი ადამიანი. ამიტომ, თითოეულ როლს შეუძლია არა მხოლოდ საზოგადოების ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, არამედ მსახიობის ცხოვრებაც შეცვალოს.
– წლების განმავლობაში არაერთ რეჟისორთან მუშაობდით…
– მინდა გითხრათ, რომ რეჟისორების რამდენიმე კატეგორია არსებობს. არიან რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლზე მუშაობენ და არ აინტერესებთ, მსახიობი რას გააკეთებს. არიან რეჟისორები, რომლებიც თავისთვის მუშაობენ, მთავარია სპექტაკლი გააკეთონ და არიან რეჟისორები, რომლებიც სტუდიურად, მსახიობისთვის, მის გაზრდაზე მუშაობენ, რადგან მსახიობი 100 წლისაც რომ იყოს, ყოველთვის იზრდება. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შემხვდნენ რეჟისორები, რომლებმაც, მართლაც, იზრუნეს რომ გავზრდილიყავი, როგორც მსახიობი. დიდი მადლობელი ვარ ამ რეჟისორების.11073006_829574860424901_36638399_n
ჩემთვის საინტერესო იყო რეჟისორებთან თამაზ მესხთან და ლერი პაქსაშვილთან მუშაობა. ძალიან ვაფასებ მათ ღვაწლს. აგრეთვე, საინტერესო იყო გეგა ქურციკიძესთან მუშაობაც და ძალიან ვაფასებ ჩვენს ახლანდელ რეჟისორსა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს, რომელიც სულ სხვა კუთხით გვიდგება მსახიობებს და ძალიან საინტერესოდ გვამუშავებს.
– ყველაზე დიდი სირთულე…
– არის როლები, რომელთა პერსონაჟების ხასიათი მე ვერ გავხსენი, ვერ ჩავუღრმავდი ამ როლს და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიმუშავე, მაინც ვერ დავძლიე და ძალიან ცუდად ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ასეთი როლები უფრო ბევრია ჩემს შემოქმდებით ცხოვრებაში, უფრო მეტი ჩავარდნა მაქვს, რადგან ვერ მივიტანე მაყურებლამდე ისე, როგორც საჭირო იყო. მიუხედავად ამისა, ეს როლები მაინც ღვიძლი შვილებივით არიან, მათ გამოცდილება მოიტანეს. დღესაც, მუშაობის დროს, სწორედ იმ ჩავარდნილ როლებზე ვფიქრობ, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვა.
– ზუგდიდის თეატრი დღეს…
– დღეს თეატრი მატერიალური თვალსაზრისით საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ, საბედნიეროდ, არა შემოქმედებითი კუთხით. თეატრი ფაქტობრივად დანგრეულია. ნორმალური ადამიანი ამ შენობაში არ შევა და არ იმუშავებს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, თეატრის მტვერს ერთხელ რომ გადაყლაპავ, მერე ვერ გამოხვალ იქიდან და ასეთ გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ. როდესაც მსახიობს საგრიმიორო არ აქვს, არ შეიძლება მას რამე მოსთხოვო. მამაკაცების საგრიმიოროს კიდევ არა უშავს, მაგრამ ქალების საერთოდ არ არსებობს. ჩვენთან, მამაკაცებთან ერთად სხედან, იქ იკეთებენ გრიმს, იქ იცვლიან ტანსაცმელს…11077839_829574853758235_1433546075_n
მიუხედავად ასეთი წვალებისა, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ მსახიობი ვიქნებოდი. მსახიობობა ძალიან რთულია, დიდი ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მაინც ამ გზას ავირჩევდი. მე  თეატრში უფრო დიდ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში. რეპეტიცია დილით 11 საათზე იწყება და ღამე პირველ საათზე მივდივარ სახლში დასაძინებლად. თეატრში სულ სხვა ვითარება და დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. ერთი ოჯახი ვართ. ყველა ჭირ-ვარამს ერთმანეთს ვუზიარებთ. როცა თეატრში საჭირო არ ვარ, იმ დღეს მაინც მივდივარ, რომ ჩემი კოლეგები ვნახო. ახლაც, ორ სპექტაკლზე ერთად ვმუშაობთ და მალე, მესამე სპექტაკლზეც დავიწყებთ მუშაობას.
– მაყურებელი…
– ამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, არაჩვეულებრივი მაყურებელი გვყავს. მე არაერთი ქალაქის თეატრის სცენაზე ვითამაშე, მაგრამ ისეთი მაყურებელი, როგორიც ზუგდიდშია, არასად არ შემხვედრია. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, რადგან ძალიან მომთმენი და ამავე დროს მომთხოვნი მაყურებელი გვყავს.
– კინო და თეატრი…
– მიუხედავად იმისა, რომ თეატრში თამაში უფრო რთულია, ვიდრე კინოში, მე თეატრი მირჩევნია. თეატრში უფრო საინტერესოა მუშაობა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, ორი თვე მაინც გიწევს პერსონაჟის ხასიათზე მუშაობა. ამიტომ, მე მირჩევნია თვეები ხასიათზე ვიმუშაო, ვიდრე რამდენიმე საათი გადასაღებ მოედანზე.
– და ბოლოს…11077901_829574847091569_850818161_n
– ახალგაზრდა მსახიობებს ვეტყვი, ძალიან დიდი შრომა, ენერგია უნდა ჩადონ, რომ თავიანთი სიტყვა თქვან თეატრში. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. მაყურებელს ვეტყვი, რომ იარეთ თეატრში, თეატრი ბევრს გასწავლით. ხუთი თვის მუშაობის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაყურებელი გვჭირდება, რადგან თეატრი მაყურებლის გარეშე არ არსებობს.
აგრეთვე, ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია. ალბათ, ეს ჩემთვის მეორე დაბადება იქნება. თუ თეატრის შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ჩვენ მუშაობას მერე გაჩვენებთ…

 

მზევინარ ხუციშვილი

11079757_829574840424903_489636287_n

11084463_829574850424902_21274310_n

11086953_829574837091570_940604639_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები