„მზიური საქართველო. ნაციონალურის ფიგურები საბჭოთა იმპერიაში“ – წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

25 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიორგი მაისურაძისა და ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინის წიგნის პრეზენტაციას გამართავს. წიგნი, სახელწოდებით „Sonniges Georgien. Figuren des Nationalen im Sowjetimperium“ („მზიური საქართველო. ნაციონალურის ფიგურები საბჭოთა იმპერიაში“. ბერლინი 2015) ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრმა (ZfL) გამოსცა.
პრეზენტაციას წარუძღვებიან: წიგნის თანაავტორი გიორგი მაისურაძე, აგრეთვე სოცკულტის კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლები: ლუკა ნახუცრიშვილი და ბაია ჯანელიძე. სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი იყო ადგილი, სადაც ტერორი და ძალადობა სუფევდა, მაგრამ საჯარო პროპაგანდაში ის იმავდროულად „ძმობისა“ და „ერთა მეგობრობის“ ნავსაყუდელს განასახიერებდა. იმხანად კულტურის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ეროვნული კულტურების მთელ საბჭოთა არეალზე წარმოდგენასა და „მრავალეროვანი“ საბჭოთა ლიტერატურისა თუ საბჭოთა კულტურის დამკვიდრებას. გაბატონებულ იდეოლოგიასთან ზიარების მიუხედავად, „ნაციონალურის“ ფიგურების არსენალი არამც და არამც არ იყო ყველასათვის თანაბარი, არამედ დამოკიდებული იყო ცალკეული ერების გარკვეულ ისტორიულ და რელიგიურ-კულტურულ ტრადიციებზე. წიგნში საქართველოს მაგალითზე ნაჩვენებია „ეროვნულის“ საიდენტიფიკაციო ფიგურების შექმნისა და მოდიფიკაციის მეშვეობით ახალი საბჭოთა ერის ჩამოყალიბების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტალინის პერიოდის ქართული ლიტერატურის, ისტორიოგრაფიის, ფილოლოგიის ანალიზს, აგრეთვე პანთეონებისა და ქართული კულტურის რეპრეზენტანტი გამოჩენილი ადამიანების – მათ შორის, სტალინის, როგორც „ყველაზე დიდი ქართველის“ – სახეების შექმნის სპეციფიკას. წიგნის პრეზენტაცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები