გია ბუღაძის გამოფენა „ფსევდომემორია“ გაიმართება
25 მარტს, 19:00 საათზე, „ბაია გალერეაში“ გია ბუღაძის გამოფენა „ფსევდომემორია“ გაიმართება. ცრუ ფასეულობები, სიყალბე, მოჩვენებითი ღირსება და, რაც მთავარია, გულგრილი მახსოვრობა, გამოხატული უგემოვნოდ, პროვინციულად, „კიჩურად“, სწორედ ესაა ძირითადი თემა ობიექტის „ფსევდომემორია“.
„ეს არის „კიჩიზაცია კიჩისა“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ირონიული დისტანცირებით დავშორდეთ კონკრეტულ პროფანირებულ ტრადიციას, რამდენადმე მაინც გავიცნობიეროთ „მახინჯი“ გამოცდილება, თვითკრიტიკული არტისტული მეთოდისა და თვითირონიული სტრატეგიის გამოყენებით. ობიექტში „ფსევდომემორია“ არაფერია ტყუილი და იმიტირებული, გარდა შინაარსისა. თვით მასალა (შავი გრანიტი, ბრინჯაოს რელიეფი, ნიკელის წარწერა), რომლითაცაა შესრულებული ეს ობიექტი, სრულად რეალურია“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ობიექტი, გზავნილით „აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე“. გამოფენა თავისი ფორმატით ობიექტით პერფომირებას და აქციის სახეს ითავსებს. გამოფენის კურატორი ნინო გუჯაბიძეა.