მიხეილ სააკაშვილი: ეს მიტინგი, პრაქტიკულად, მაიდანი იყო

ეს მიტინგი თავისი მასშტაბით საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო, თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პრაქტიკულად მაიდანი იყო – ასე შეაფასა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი აქცია უკრაინულ მე-5 არხთან ინტერვიუს დროს.
საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, გუშინდელ აქციაზე ხალხი ყოველგვარი ფულის გარეშე, მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად მივიდა.
„ეს მიტინგი თავისი მასშტაბით საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო. აქ მოვიდნენ ადამიანები ყოველგვარი ფულისა და დამატებითი სტიმულის გარეშე. ისინი მოვიდნენ, რომ გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მე ვფიქრობ, ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. მიტინგი იყო ძალიან ცივილიზებული, მშვიდობიანი და მე ეს ძალიან მახარებს, რადგან მე ბრიუსელიდან ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთი რამის ორგანიზება შემიძლია, ასეთი მასშტაბების. თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პრაქტიკულად მაიდანი იყო“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა მისი მისამართით აღძრული სისხლის სამართლის საქმეებს რუსული პროპაგანდა უწოდა. მისი თქმით, ამ საკითხებზე ბევრი ხმაურის მიუხედავად, მის მიმართ არაფერია ნაპოვნი, რაც მის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებს.
„მე ვიძებნები საქართველოში, მაგრამ მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, ვიღებ საერთაშორისო პრემიებს, ვხვდები ევროპული და არა მარტო ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს. სიტუაცია ასეთია და რაშიც გვადანაშაულებენ, სინამდვილეში ვერაფერი ვერ იპოვეს. ბევრს ხმაურობდნენ ამ თემაზე, მაგრამ ეს რუსული პროპაგანდა იყო, აბსოლუტურად არანორმალური“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები