“შუახევიჰესის”’ დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საქართველოს ენერგოსისტემაში უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტის – ,,შუახევიჰესის’’ დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
საქართველოს ჰიდროსექტორში პირველ ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო პროექტისმშენებლობას ინდურ “Tata Power-ისა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს. Tata Power-ის წლიური ბრუნვა 180 მილიარდს შეადგენს.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
“ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს, პირველ რიგში, დადებითად აისახება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე. პროექტის დასრულების შემდეგ შენატანი მაქსიმუმს მიაღწევს და მხოლოდ ამ პროექტიდან, ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად 2 მილიონ ლარზე მეტი შევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. ეს კი საშუალებას მოგვცემს მეტი რამ გავაკეთოთ ამ რეგიონისთვის, სოფლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შუახევიჰესის“ პროექტში დასაქმებულია 600 ჩვენი მოქალაქე და მათი უმრავლესობა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მკვიდრია. დარწმუნებული ვარ, რომ „შუახევიჰესის“ პროექტის განხორციელება წარმატებით დასრულდება და ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტი, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის, ისე ინვესტორისთვის,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2013 წელს დაიწყო, დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს. ,,შუახევიჰესის’’ პროექტის ღირებულება 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
,,შუახევიჰესის’’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის მიერ კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები