იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილე აქციით – Bach in the Subways 2015 აღინიშნება

21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილე აქციით – Bach in the Subways 2015. ამ აქციაში ჩართულია მსოფლიოს 39 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. პროექტი Bach in the Subways 2010 წელს ვიოლონჩელისტ დეილ ჰენდერსონის მიერ დაფუძნდა, რომელმაც პირველი წარმოდგენა მსმენელს ნიუ-იორკის მეტროსადგურში შესთავაზა. ამ აქცია-კონცერტს საზოგადოების დიდი რეზონანსი მოჰყვა და მოგვიანებით ათასობით მუსიკოს-შემსრულებელი შეუერთდა. დღეს პროექტი საერთაშორისო მოძრაობად იქცა, რომელსაც ყოველწლიურად, მსოფლიოს 39 ქვეყანა და 129 ქალაქი აღნიშნავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. აქციის მიზანია ბახის მუსიკის პოპულარიზაცია, საზოგადოების მისაწვდომობა, ინფორმირება, ჩართულობა, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების ინტეგრაცია, რომლებიც მსმენელს საშუალებას აძლევენ, ეზიარონ ჭეშმარიტ კლასიკურ ხელოვნებას არააკადემიურ სივრცეებში, ღია ცის ქვეშ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები უერთდებიან ამ საერთაშორისო ღონისძიებას და შაბათს, 21 მარტს, 14:00 საათზე, ვაკის პარკში, „მედიათეკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობს „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სოლისტები. პროგრამაშია იოჰან სებასტიან ბახის ორმაგი კონცერტი ორი ვიოლინოსათვის (რე მინორი); არია, ქორალები, პარტიტები და სიუიტები. დასწრება თავისუფალია.

11072171_827362553979465_242027066_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები