მოზარდმაყურებელთა თეატრში „ჯუჯა-ცხვირის“ პრემიერა გაიმართება

21 მარტს, 19:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, გერმანელი მეზღაპრე-მწერლის ვილჰელმ ჰაუფის ზღაპრის მიხედვით „ჯუჯა-ცხვირის“ პრემიერა გაიმართება, რომელსაც გიორგი თავაძე (უმცროსი) დგამს. სპექტაკლის ჟანრი ზღაპარია, თუმცა ის თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი. ინსცენირების ავტორი გიორგი თავაძეა, სპექტაკლის მხატვარი – ანკა კალატოზიშვილი, კომპოზიტორი და მუსიკალური გაფორმება დავით თავაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფი- გია მარღანია. სპექტაკლი ორმოქმედებიანია. პატარა ბიჭუნა ავი ბედისწერის გამო დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა – ბოროტმა ჯადოქარმა ახალგაზრდობა წაართვა და ჯუჯა ცხვირად აქცია. მოჯადოებული ბიჭუნა ვერც საკუთარმა დედ-მამამ იცნო და ხალხმაც გარიყა. ბიჭუნას ძლიერმა ხასიათმა და სიკეთემ ბოროტებას სძლია. ბატის სხეულში მომწყვდეულ, დასაკლავად განწირულ გოგონასთან ერთად პირვანდელი სახე დაიბრუნა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნიკა ფაიქრიძე, ნინო ანდრიაძე, მაია ხორნაული, ქეთევან ჩაჩუა, კახა გაბელაია, მერაბ ბრეკაშვილი, კახა ჭოლაძე, ქეთევან ქიტიაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე, ვამეხ ჯანგიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თეკლა ჯავახაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, გიორგი ჩიქობავა, პაატა კიკვაძე, დავით როსტომაშვილი, დავით ხახიძე. მაყურებელს სპექტაკლის ნახვა შეუძლია აგრეთვე, 22 და 26 მარტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები