პოლონელი კინოპროფესიონალების ვიზიტი თბილისში

საქართველოს სამუშაო ვიზიტით პოლონელი კინოპროფესიონალების დელეგაცია ეწვევა. მათ შორის არიან: „შემოქმედებითი ევროპის” პოლონეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – მალგორზატა კიელკივიჩი – (Creative Europe Desk, Poland), პროდიუსერები – რომან იაროსზი, იოანა სზიმანშკა, კინოკომისიის წარმომადგენელი – დანა პოლი და პოლონეთის კინოინსტიტუტის წარმომადგენელი – მარზენა ქიესლიკი. 19 მარტს, 15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრეზენტაცია „შემოქმედებითი ევროპის” შესახებ. საკუთარ გამოცდილებას ქართულ სექტორს „შემოქმედებითი ევროპის” პოლონეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – მალგორზატა კიელკივიჩი გაუზიარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 24 თებერვალს ევროკავშირის ფონდის – Creative Europe-ის („შემოქმედებითი ევროპა”) წევრი გახდა. Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა”) წარმოადგენს ევროკავშირის 6- წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
ვიზიტის ფარგლებში, 20 მარტს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება „ოსკაროსანი“ პოლონური ფილმის „იდა” ჩვენება. დასწრება შესაძლებელი იქნება მოსაწვევებით. პოლონური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია, ქართველი და პოლონელი პროდიუსერების პროფესიული დაახლოება სამომავლო კოპროდუქციების შესაქმნელად, ასევე მდიდარი პოლონური კინემატოგრაფის გამოცდილების გაზიარება. ეროვნული კინოცენტრი პოლონეთის კინოსექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები