თბილისს გონკურის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი ჟან რუო ეწვევა

18-დან 20 მარტამდე თბილისს, 1990 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი ჟან რუო ეწვევა და ქართველ მკითხველებთან შეხვედრებს გამართავს. ჟან რუო 1952 წლის 13 დეკემბერს, კამპბონში, მდინარე ლუარის მხარეში, მოგზაური ვაჭრის ოჯახში დაიბადა. ნანტის უნივერსიტეტის თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. 1978 წლიდან ჟან რუომ მუშაობა დაიწყო გაზეთში „პრეს-ოსეან“ (Presse-Océan), სადაც მას ევალებოდა გაზეთის მოწინავე რუბრიკისთვის იუმორისტული სტატიების დაწერა. შემდგომ იგი პარიზში გაემგზავრა. 1988 წელს ჟან რუო გამომცემლობა მინუის „Minuit“ დირექტორს, ჟერომ ლენდონს შეხვდა, რომელიც შემდგომში მისი მთავარი გამომცემელი გახდა. ჟერომმა ურჩია რუოს მიეტოვებინა თავისი ავანგარდისტულად წერის მცდელობები და კლასიკური სტილი მოესინჯა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუო კვირაში სამჯერ საგაზეთო ჯიხურში მუშაობდა, 1990 წელს გამოქვეყნებულ მის პირველ რომანს „ღირსების ველები“ გონკურის პრემია მიენიჭა. ეს რომანი ერთგვარი ოჯახური, ავტობიოგრაფიული საგის პირველი ტომია, რომლის მოქმედება მის მშობლიურ ნანტის მხარეში ხდება და პირველი მსოფლიო ომის პარალელურად, სამოციან წლებში მწერლის ოჯახში დატრიალებული რამდენიმე ადამიანის სიკვდილის ამბებსაც აღწერს. მწერალი მოკრძალებულად, ნაზი და სადა ენით ჰყვება ომის შემდგომი საფრანგეთის მრავალი დაობლებული, ძაძებით შემოსილი ოჯახების ისტორიას, სადაც ავტორი თითქოს იკარგება და უკანა პლანზე გადადის.
ჟან რუო მრავალი რომანის და ესეის ავტორია. რომანი „ღირსების ველები“ თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში „ელფის“ მიერ (მთარგმნელი დავით კახაბერი).
ჟან რუოსთან შეხვედრების განრიგი: 18 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. თსუ, მე-5 კორპ., აუდიტორია N 309. ილია ჭავჭავაძის გამზ. 36.
19 მარტს, 10:00 საათზე, კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებისთვის. კავკასიის ფრანგული სკოლა, ილია ჭავჭავაძის გამზ. 76 ბ.
19 მარტს, 18:00 საათზე, ფართო პუბლიკისთვის. მისი რომანის „ღირსების ველები” ქართული თარგმანის წარდგინება. საქართველოს მწერალთა სახლი. ივანე მაჩაბლის ქ. 13.
20 მარტს, 17:30 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მკითხველებისთვის. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები