გამოფენა „ბავშვებისთვის“ გაიმართება
17 მარტს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნანა თათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით: „ბავშვებისთვის“ გაიხსნება. გამოფენა ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკას ეძღვნება. დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია ბრძოლა იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც თრგუნავს თავისუფლების განცდას და ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემად რჩება. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს კოლაჟის ტექნიკაში შესრულებული დიდი ზომის რვა ნამუშევარი. 1988 წლიდან დღემდე ავტორმა, გარდა თბილისისა, გამოფენები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: კიევი, ვენა, პარიზი, ტოკიო. ნანა თათიკაშვილი 2000 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოფენა „ბავშვებისათვის“ მხატვრის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი სათქმელის გამოხატვის პირველი მცდელობაა. გამოფენა 24 მარტამდე გაგრძელდება.