რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ ორსულ ქალბატონზე თანამშრომლის მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმეზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საჯარო მოხელე ქალბატონი, თანამშრომლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოძალადის დაკავებისა და პასუხიგებაში მიცემის ნაცვლად კი პასუხი ქალმა აგო. ის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციაშიც დასდეს ბრალი. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველი სახელმწიფო პოლიტიკას ეფექტური ნორმები და მექანიზმები არ გააჩნია.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პიროვნების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის იურისტი ანა ბერძენიშვილი იცავდა.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საჯარო მოხელე ქალბატონი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, რის შესახებ რეაგირებისთვისაც ქალბატონმა სამმართველოს ხელმძღვანელს მიმართა, თუმცა, რეაგირების ნაცვლად, ორსული ქალბატონი „უღირსი საქციელისა“ და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციის განხორციელების ბრალდების გამო გაათავისუფლეს.
სამმართველოს უკანონო ქმედებებს, თავის მხრივ, ხელი შეუწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომელმაც ასევე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადამინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება) გააუქმა, რათა დავის მოგების შემთხვევაშიც კი მას რეალურად აღარ შეძლებოდა სამსახურში აღდგენა.
11 თვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. ვფიქრობთ, აღნიშნული სასამართლო პროცესი ნათელი გამოვლინებაა იმისა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა. არ აქვს გენდერული დისკრიმინაციისა და სამსახურში სექსუალური შევიწროვების ამკრძალავი ეფექტური ნორმები და მექანიზმები, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციამაც დაადასტურა. ნაცვლად იმისა, რომ საჯარო სამსახურს გამოეკვლია ორსული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის არსებობა, მან უკანონო ქმედებით – მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრძანების გამოცემით სცადა ამ ფაქტის დამალვა”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები