პროექტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ ფილარმონიის სცენაზე ბრუნდება

2014 წლის ყველაზე გახმაურებული პროექტი „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ 23 და 24 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ბრუნდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კინომუსიკის საღამო სწორედ იმ კადრებისა და მუსიკის ერთობლიობაა, რომლებიც ერთხელ ნახვისა თუ მოსმენის შემდეგ ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ ტოვებს კვალს.
მსოფლიო კინომუსიკის შედევრების პარალელურად, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით მაყურებელი მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს ჩარლი ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმების გმირებს ნახულობს, ხოლო საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი კინოში მუსიკის დაბადებისა და დიდი ავტორების შესახებ საინტერესო ამბებს მოგვითხრობს.
მაყურებელთა ყურადღებას აგრეთვე იპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული კინოფილმებიდან: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები“, „შერეკილები“ და სხვა. კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „მძლევარი“, ხელმძღვანელი: კახაბერ ონაშვილი; სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური, რევაზ კიკნაძე. კონცეფციის ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნიკოლოზ რაჭველი; სცენარის ავტორი და პროდუსერი – თეო ჯორბენაძე; გრაფიკული დიზაინი – გიგა კობიძე; სცენოგრაფია – ვანო ჭელიძე; ვიდეო ინსტალაცია – ლევან კუხაშვილი; გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი. პროექტის წარმდგენი: კომპანია „მაგთი“. მედიაპარტნიორი – „რუსთავი 2“. საინფორმაციო მხარდაჭერა: საინფორმაციო ცენტრი „11808“, რადიო „ფორტუნა“, „მედიაპალიტრა“, outdoor.ge, biletebi.ge, myvideo.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები