პროკურატურა ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს
ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი აცხადებს, რომ პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაამართლებს.
“არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც ბევრი მეტი გამოცდილების მოსამართლე საქმიანობს. აუცილებლად შევეცდებით, ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცოთ ზედა ინსტანციაში. არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ნადოიმ.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიქტური, რადგანაც მან არ გაიზიარა სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეომასალები.
“მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს, რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ობიექტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები. მან არ გაიზიარა ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიციურობის მქონე მოსამართლეთა მოსაზრებები”, – განაცხადა ნადოიმ.