შსს-მ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
ძალოვანი უწყება პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
„ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პოლიციის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. აღნიშნული აქციის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრი”-ს ოფისთან პროვოკაციული ქმედებების შედეგად, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარის ხუთმა წარმომადგენელმა და ორმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციის თანამშრომლების აქტიური ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, მიმდინარეობს მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოფირების შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები