კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, კახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 483 კუბური მეტრის სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრა გამოვლინდა. ამის შესახებ “კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 67 500 ლარი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ფაქტის შესწავლის და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით, მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.