ექსპერტი ლევან ჩაჩუა განაჩენს ელოდება

საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის ლევან ჩაჩუას მიმართ განაჩენი გამოცხადდება. მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ, კერძოდ, დაცვის მხარე ელოდება, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.
როგორც ჩაჩუას ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. ადვოკატი სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაცვის მხარე განაჩენს საპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურორი რევაზ ნადოი კი აცხადებს, რომ მან ბრალდებულის საბოლო სიტყვაში რაიმე არსებითი ვერ მოისმინა. მისი შეფასებით, საბოლოო სიტყვა ემოციებზე იყო აგებული. რაც შეეხება განაჩენს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. პროკურორმა განმარტა ის მუხლი, რომლითაც ჩაჩუას ბრალი აქვს წარდგენილი, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობა. ნადოის თქმით, აღნიშნული მუხლი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ასევე ორ წლამდე პატიმრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები