უგულავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. როგორც უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასწარ მიღებული იყო და დღეს მხოლოდ მისი ფორმალურად გაცხადება მოხდა. დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. მათ ამისთვის 72 საათი აქვთ. „მისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და მხოლოდ გადაწყვეტილების ფორმალური მხარე, მისი გამოცხადებაღა იყო დარჩენილი. გიორგი უგულავას ხელახლა შეეფარდა პატიმრობა, რაც ნიშნავს, იმას რომ კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, რომ მისი პატიმრობის ვადა არ აღემატებოდეს 9 თვეს, ხელყოფილია და ამას, როდესაც დრო მოვა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები მიეცემა.
ჩვენ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ. დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას დამძიმებულ ბრალთან დაკავშირებით დღეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა. აღნიშნულ საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები