პროკურორი: გათავისუფლების შემთხვევაში უგულავას მიერ ქვეყნის დატოვების საფრთხე არსებობდა
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში, მისი მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
წიკლაურის თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს ეს დაუსაბუთა.
პროკურორის განცხადებით, ადვოკატები ცდილობდნენ საქართველოს კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციით დაესაბუთებინათ, რომ უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება არ შეიძლებოდა, რაც არასწორია.
„მათი ლოგიკით, თუ ადამიანს დავუშვათ, 2010 წელს ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული, შემდეგ, 2014-15 წლებში კი ახალი ბრალი წარედგინა, პირის მიმართ პატიმრობის გამოყენება აღარ შეიძლება. ეს კონსტიტუციის არასწორი განმარტებაა, რაც სასამართლოს დღევანდელი განჩინებითაც გამოჩნდა. უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რადგან, ჩვენ დავადასტურეთ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში მისი მხრიდან ქვეყნის დატოვების საფრთხე, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების რისკებიც“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას დამძიმებულ ბრალთან დაკავშირებით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა.