გიგი უგულავას დამძიმებულ ბრალთან დაკავშირებით პატიმრობა შეეფარდა
დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას დამძიმებულ ბრალთან დაკავშირებით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილება თავად გიგი უგულავას არ მოუსმენია, რადგან სხდომის დაწყებისას მან მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, საერთო სასამართლოებში გამართულ არცერთ სხდომას აღარ დაესწროს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა. აღნიშნულ საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას კი – დაუმძიმდათ.