გიგი უგულავამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მან მოსამართლეს კონსტიტუციაზე მოძალადე, თავად სასამართლო პროცესს კი – ფარსი უწოდა.
“შაბათი და კვირა იყო სპეციალურად შერჩეული, ვიცით როგორ შემოიტანეს სპეციალურად შუამდგომლობები, რომ პირადად თქვენთან მოხვედრილიყო ეს საქმე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოებში გამართულ არცერთ სხდომაზე არ მივიღო მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის ფარსი, ამას ქვია კონსტიტუციის გაუპატიურება. ალბათ თქვენ ლოგიკას სწავლობდით ბატონო მოსამართლევ. კონსტიტუციაში წერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს იყოს პატიმრობაში. მეც ვარ ბრალდებული, ამიტომ არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს ვიყო პატიმრობაში, ამიტომ თქვენ ძალადობთ კონსტიტუციაზე. მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ არც ერთ სასამართლო პროცესს ის აღარ დაესწრება. მან თავის მხარდაჭერებსაც მოუწოდა, რომ არც ისინი აღარ დაესწრნონ სასამართლო სხდომებს.
აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან აპლოდისმენტები და პროკურორების მიმართ შეძახილები მოჰყვა.
გიგი უგულავამ სასამართლო დარბაზი თავის მომხრეებთან ერთად სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.
გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. აღნიშნულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ.
საქმის განხილვა 12:30 საათზე დაიწყო.