საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსის დასრულების ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოაედანზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა ხელძღვანელი პირები დაესწრნენ. კურსის დასრულების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.
სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის სწავლების მონაწილეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მსმენელებს კურსის დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წარმატება უსურვა.
ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
საბაზისო ზამთრის კურსის ფარგლებში, საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა სამხედრო მოსამსახურეებს თხილამურებზე სრიალი და ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები გააცნეს. მონაწილეები თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს“ მოწყობას დაეუფლნენ.
სამხედროებმა სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში ტაქტიკური მარშებიც განახორციელეს.
სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და დღეს ოფიციალურად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები