ალექსანდერ ვერშბოუ: ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან წერილი მიიღო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინდია ჯანელიძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ელჩი ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ვიზიტს აფასებს.
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას. „ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონისა და საწვრთნელი ცენტრის მონახულებამ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი. მიმაჩნია, რომ ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად”, – აღნიშნავს ვერშბოუ.
ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე ნატოს ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს. წერილის დასასრულს, ალექსანდრე ვერშბოუ წარმატებას უსურვებს ქართულ მხარეს და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 28-31 იანვარს იმყოფებოდა. ალექსანდერ ვერშბოუ თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, მან ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურაც მოინახულა და პოლიგონის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები