ქუცნაშვილი გვენეტაძეს 9 კითხვას უგზავნის და მოსამზადებლად ფრაქციის სხდომამდე დროს აძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბის მეშვეობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს კითხვებით მიმართა.
ქუცნაშვილის განმარტებით, საზოგადოებაში გვენეტაძის მიმართ კითხვები არსებობს, თუმცა ბევრი მათგანი მასთან საქმის გაფუჭებას და ამ კითხვების დასმას ერიდება. დეპუტატმა საკუთარი ფრაქციის მოთხოვნა გაითვალისწინა და კითხვები კანდიდატს წინასწარ პრესკონფერენციის მეშვეობით გააცნო. ქუცნაშვილის განცხადებით,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი არ შეიძლება იყოს პირადი ან კულისებს მიღმა წარმოებული მოლაპარაკება. მისი თქმით, მას არა აქვს ჩასაფრებულის პოზიცია, რის გამოც კითხვებს წინასწარ აქვეყნებს და პარლამენტში მათ გაჟღერებამდე ნინო გვენეტაძეს პასუხების მოსამზადებელ დროს აძლევს.
დეპუტატის კითხვები ასე ჟღერს:
„1. რამდენი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი თქვენი მრავალწლიანი სასამართლო საქმიანობისას? 2. ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე?
3. ზაზა მეიშვილთან ერთად მონაწილეობდით თუ არა მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაში?
4. ზაზა მეიშვილთან ერთად მოსამართლეთა დევნისას ათავისუფლებდით თუ არა მათ თანამდებობიდან, მათ შორის, საპროცესო ვადების დარღვევისას?
5. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პოლიციელი თქვენ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან და ეს გადაწყვეტილება „გაამართლეთ“ უკიდურესი აუცილებლობით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრთამის აღების გამართლებით რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადარჩა?
6. ქრთამის აღების ფაქტზე მხილებული გარდაბნის მოსამართლესთან დაკავშირებით შეატყობინეთ თუ არა საქართველოს მაშინდელ გენერალურ პროკურორს და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამო მოსთხოვეთ თუ არა მას გამოძიების დაწყება?
7. ბორის მჭედლიძის საქმეზე თქვენ ძალაში დატოვეთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მისი მოადგილის ჩვენების საფუძველზე, რის შედეგადაც მას შეერაცხა რამდენიმეწლიანი პატიმრობა და დაენგრა ოჯახი. იყო თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბ. მჭედლიძის დანაშაულს?
8. ვალერი გელაშვილისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა და ქონების ჩამორთმევისათვის შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი მაშინდელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან თქვენზე ზეწოლას, რაც მისი ოჯახის 2 წევრის დაპატიმრება – გატაცებით და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო 1,5 მილიონის ღირებულების ქონების ჩამორთმევით დამთავრდა?
9. საქართველოს მოსამართლემ კანონიერ დოკუმენტად და დასაშვებ მტკიცებულებად შეიძლება ცნოს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული რომელიმე აქტი?“.
ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, რომ არა მისი და მისი მეგობრების ბრძოლა პოლიტიკური წარსულის გამო, ის ნომინირებულიც ვერ იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა, ქუცნაშვილის თქმით, ეს დისკრიმინაციული მიდგომა ამოიღეს და ამ კუთხით მას გვენეტაძესთან კითხვები არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები