ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით შექმნილმა კომპანიამ ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო

ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით შექმნილმა კომპანიამ – „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც რაჭის რეგიონში მესაქონლეობის ფერმებს ფლობს, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელმა, მაქს ბლაუენშტაინმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.
,,საქართველოს მესაქონლეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობა. ქვეყანაში ხორცისა და ხორცპროდუქტების დიდი წილი იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოებაში განხორციელებული ინვესტიციები ხელს შეუწყობს, იმპორტირებული პროდუქცია ხარისხიანი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლდეს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
პირველად საქართველოში „ბლაუენშტაინ საქართველო“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ე.წ. ,,დამწიფებულ ხორცს“ აწარმოებს. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, 14-21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას იწვევს. აღნიშნული მეთოდით წარმოებული ხორცი გამორჩეულია საგემოვნო თვისებებით.
ამ ეტაპზე კომპანია 10 სახეობის სოსისს, 3 სახეობის ძეხვს და სხვადასხვა ევროპული რეცეპტით დამზადებულ კერძებს აწარმოებს. საწარმო აღჭურვილია შვეიცარულ-ფრანგული უახლესი აპარატურით. მაქსიმალურად დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე მუდმივად ხორცილდება ლაბორატორიული კვლევები.
,,საქართველოს მეცხოველეობის მრავალწლიანი ტრადიციები და ხორცის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პროექტით ამ ტრადიციის აღდგენას ვუწყობთ ხელს. ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ რაჭაში ფერმების შექმნისთვის. ეს დაეხმარა ადგილობრივ მოსახლეობასაც წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ”, – აღნიშნა მაქს ბლაუენშტაინმა.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში – შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს ფლობს. ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს. სოფელ სორში კომპანიამ ააშენა თანამედროვე ტიპის სასაკლაო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ობიექტებში მუდმივად ხორციელდება ვეტერინარული კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები, რათა მომხმარებლამდე ჯანმრთელობისთვის უვნებელი, მაღალი ხარისხის პროდუქტი მივიდეს. კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველო“, საერთო ჯამში, 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები