უმრავლესობის წევრი: არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია ერთ ადგილს ათამაშებს და მიიღებს

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა. უმრავლესობის წევრმა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახვლედიანი დიდი ხანია ერთ ადგილს ათამაშებს და ამისათვის საპასუხო ქმედებას მიიღებს.
„ეგ ვინ გვიგდია, რომ ჩვენ, დეპუტატებს, სანქციებით გვემუქრება?! ჩვენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები გვაქვს და როგორ ბედავს დეპუტატების წინააღმდეგ მუქარას? ჰკითხეთ ერთი, ეს განცხადება რომ გააკეთა, მთვრალი ხომ არ იყო?! როცა სვამს, აპათოლოგებს და მერე ეწყება „ბელაია გარიაჩკა“. ეგ ბიჭი ერთ ადგილს ათამაშებს დიდი ხანია და მიიღებს. იცით, რეალურად რა მოხდა? პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ახვლედიანი კი თავისი ინიციატივით გამოვიდა, თითები გვიქნია, პოლიტსაბჭოზე გადავწყვიტეთ საკითხი და არ გაბედოთ წინააღმდეგ წასვლაო. ჩვენ ფრაქციაში ვიმსჯელებთ ახვლედიანის შესახებ და სანქციებს აქეთ დავუწესებთ მაგას. თუ ვერ გაიგო, პოლიტსაბჭოზე რა ითქვა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. აქვე გეტყვით, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა არ ჩავარდება და არც ვაპირებდით მისი კანდიდატურის ჩაგდებას“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, ის ახვლედიანის ქმედებასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერს, ღარიბაშვილს შეხვდება და განიხილავს, თუ რა როლს ასრულებს ის პარტიაში. ის ასევე მიიჩნევს, რომ ახვლედიანს დეპუტატებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. არმაზ ახვლედიანი უმრავლესობის წევრებს სანქციების ამოქმედებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები