„როსბალტი“: ნემცოვი დამკვეთების გარეშე მოკლეს
„როსბალტის“ ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა შეკვეთილი არ იყო. დანაშაული დაიგეგმა და შესრულდა შინაგანი ჯარის „ჩრდილოეთის“ ორი ყოფილი მეომრის – ზაურ დადაევის და ბისლან შავანოვის ინიციატივით.
„როსბალტის“ წყაროს ინფორმაციით, გამოძიება ისევ მუშაობს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე, თუმცა „ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ მათ ორმა დაგეგმეს ყველაფერი“.
გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც დადაევი და შავანოვი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეძლეს სამსახურის მოძებნა, რის გამოც ძალიან დიდ დროს ერთად ატარებდნენ და რელიგიურ თემებზე საუბრობდნენ. ისინი ხშირად განიხილავდნენ მუჰამედის კარიკატურას და აკრიტიკებდნენ ფრანგულ სატირულ გამოცემას „შარლი ებდოს“. საუბრობდნენ კარიკატურისტების მხარდამჭერ საზოგადო მოღვაწეებზე, მათ შორის ნემცოვზე.
„ჩრდილოეთის“ ყოფილმა მეომრებმა გადაწყვიტეს, ორი მიზეზით დაესაჯათ რომელიმე მათგანი. შური ეძიათ გამოთქმული კრიტიკისთვის და აემაღლებინათ საკუთარი ავტორიტეტი ჩრდილოეთ კავკასიაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის – ჩეჩნებში და ინგუშებში“, – წერს „როსბალტი“.
8 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა – ზაურ დადაევი, ჰამზად ბაჰაევი, თამერლან ესკერჰანოვი, ანზორ და შაგიდ გუბაშევები. ისინი 28 აპრილამდე იქნებიან დაკავებულები.
უნდა აღინიშნოს, რომ დადაევმა დანაშაული აღიარა და, „როსბალტის“ წყაროს ინფორმაციით, უშუალოდ ის არის ნემცოვის მკვლელი. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 28 თებერვლის ღამეს მოკლეს. მკვლელობის დროს მასთან ერთად უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია იმყოფებოდა. თავდასხმის დროს ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინელი მოდელი არ დაშავებულა.