ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში 13 მაისამდე რჩება

მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში 13 მაისამდე დარჩება. მფრინავის უფლებების დამცველებმა იმ არგუმენტით, რომ სავჩენკო უკრაინის რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია, მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა ბასმანის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „მორიგი წითელი ხაზი გადაკვეთეს. დღეს რუსეთის ისტორიაში რუსულმა სასამართლომ უარი თქვა საერთაშორისო დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით ევროსაბჭოში რუსი დიპლომატები თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. დღეს სასამართლომ დაადასტურა საგამოძიებო კომიტეტის პოზიცია და ამით მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ქვეყანას, რაც უახლოეს მომავალში უარყოფით შედეგებს მოგვიტანს,“ – აცხადებს სავჩენკოს ადვოკატი, ილია ნოვიკოვი. ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ის პრორუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთს გადასცეს. სავჩენკო უკვე 8 თვეზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება. ის ბრალდებას არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე სამი თვეა, შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები