უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსი სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ

დონბასში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტები ლუგანსკის მიმართულებით სამთავრობო არმიის პოზიციებს ბომბავენ. ამბოხებულები არტემოვსკისა და ძერჟინსკის მახლობლად დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და ჯავშანმანქანების კონცენტრაციას ახდენენ, ხოლო დონეცკისა და გორლოვკის მიმართულებით ტაქტიკური რეზერვი გადაისროლეს.
ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები მარიუპოლისა და ოდესის მახლობლად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებენ. მარიუპოლის მახლობლად კი სეპარატისტების სნაიპერების დანაყოფი გააქტიურდა. ამერიკელი გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, დონბასში 12 000-მდე რუსი სამხედრო იბრძვის. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ქალაქ დებალცევოდან უკრაინის არმიის გამოსვლის დროს 19 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 135 კი დაიჭრა. ამ დროისათვის 12 უკრაინელი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები