„პირველ რიგში, ჩემი სიამოვნებისთვის ვხატავ…“

„საქართველოს საბაჟო აკადემიაში ვსწავლობდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ინტერესი არ მქონდა. თუ არ ჩავთვლით, რომ სტუდენტობის პერიოდიდან რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ოთხი წელი ტყუილად დავკარგე.“ – მხატვარი ლევან სამნაშვილი.

– პირველი ნამუშევრები…
– პირველად არ მახსოვს, რა დავხატე, მაგრამ გონებაში მაქვს დალექილი და ხშირად მახსენდება, ოჯახში ხშირად მოდიოდა სტუმრად ნათესავი, რომელიც მტრედებს მიხატავდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვთვლიდი, რომ ეს ქალი ყველაზე მაგარი მხატვარი იყო. აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი ხატვისამდი და ოჯახის წევრებს ვხატავდი. მერე გარკვეული პერიოდი დავანებე თავი, მაგრამ, როგორც ხდება, სათქმელი გროვდება და გინდა გადმოსცე. ბოლო სამი წელია, სისტემატურად აქტიურად ვხატავ.11016608_819472858101768_1542687601_n
– თვითნასწავლი მხატვარი ხარ…
– დიახ, და არც ვნანობ, რომ სამხატვრო აკადემიაში არ ჩავაბარე. არ მომწონს იქ შექმნილი სიტუაცია. ნატურმორტის გარდა, არაფერს ასწავლიან. ისევ ძველი, საბჭოთა დროის პროგრამა აქვთ. ვცდილობ, ჩემით განვვითარდე. მთავარია სისტემატურად ვიმუშაო.
– შენთვის შემოქმედებითი მუზა არსებობს ?
– პიკასოს აქვს ნათქვამი, მუზა კარგ სანელებელს ჰგავს, რომელიც მერე უნდა მოაყარო ნახატს. თუ არ იქნება, არ არის პრობლემა. მე სრულიად ვეთანმხები.
ჩემს ნამუშევრებში, ძირითადად, შინაგანიდან წამოსული ჩემი ემოციებია გადმოცემული, რაც მაწუხებს, დეპრესია, გრძნობები, სტრესი. პოზიტიური ნახატები იშვიათი მაქვს, უფრო უარყოფითი მომენტები გადმომაქვს. ჩემთვის თვითონ ხატვის პროცესია მნიშვნელოვანი, მსიამოვნებს, საინტერესოა, ბევრს ვფიქრობ. ერთადერთი სიტუაციაა, როდესაც თავს თავისუფლად და კარგად ვგრძნობ. მთლიანად ვარ ჩართული და ვიცლები უარყოფითი ენერგიისგან. ბედნიერი არტები დიდად არ მიზიდავს. ვფიქრობ, თუ ადამიანი ბედნიერი ხარ და კარგად ხარ, მაშინ გადმოსაცემიც არაფერი გრჩება.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…11022898_819472854768435_45799796_n
– არ მიყვარს გარემოზე რაღაცების გადაბრალება. მე ყველგან ვმუშაობ. ჩემს საქმეს ყველგან ვაკეთებ. ფრანგულ კაფე-რესტორანში ვმუშაობ და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ხშირად ვხატავ სამსახურშიც. ვფიქრობ, სახელოსნო რომ მქონდეს და ყველაფერი მოწყობილი, შეიძლება ისეთი პროდუქტიული არც ვყოფილიყავი. დაძაბულობა, სტრესი, რაღაცაზე ნერვიულობა მასალას მაძლევს.
– მიუხედავად იმისა, რომ ემოციები უარყოფითია, ფერები მხიარული და საინტერესოა…
– შავ-თეთრ ფერებში არასდროს მიმუშავია, მაგრამ, რომ გითხრათ, ფერებს სპეციალურად ვარჩევ-მეთქი, მოგატყუებთ. საერთოდ, ფერები მიყვარს.
– ზოგადად, ფერწერა რთულია…
– ფერწერა რთულია, მაგრამ, ამავდროულად, ადვილი. როდესაც ხატვას გასწავლიან, იქ არის გარკვეული ჩარჩოები, რომელიც არ უნდა დაარღვიო. მე რომ ეს არ მისწავლია და არ ვიცნობ ამ ჩარჩოებს, პრობლემასაც ვერ ვხედავ. პირველ რიგში, ჩემი სიამოვნებისთვის ვხატავ. ზოგს შეიძლება მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ მასაზე გათვლილი ნახატები ჩემი საქმე არ არის.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს?
– დიახ, რამდენიმე ძალიან მიყვარს. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობენ გამორჩეული პიროვნებები და მაქვს ნამუშევრები, რომლებიც მათ უკავშირდება. ან, მომენტები, როცა ძალიან დიდი განცდა მქონდა, გულით გამიკეთებია და კარგად ჩანს ნახატში.
– გაქვს რამდენიმე ავტოპორტრეტი…
– მიყვარს საკუთარი თავის ხატვა. ალბათ ბოლომდე არა, მაგრამ სხვებზე უკეთესად ვიცნობ საკუთარ თავს. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ სპეციალურად ვაკეთებ. უბრალოდ ვიწყებ ხატვას და ასე გამოდის. საერთოდ, ასეა, როცა მუშაობას ვიწყებ, შეიძლება იდეა მქონდეს, ან უბრალოდ ერთი წერტილი დავსვა, მერე ნახატის გაშლა მუშაობის დროს ხდება. წინასწარ არასდროს ვიცი, რა უნდა დავხატო.
– გამოფენები…
– ერთი პერსონალური გამოფენა მქონდა და რამდენიმე ჯგუფურ გამოფენებში მივიღე მონაწილეობა. ესეც, ისე უცბად მოხდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, მოულოდნელად და უცბად ხდება. ამიტომ წინასწარ არაფერს ვგეგმავ. სისულელედ ვთვლი ცხოვრებისეული გეგმების დაწყობას. მაინც არასდროს ისე არ არის, როგორც ვგეგმავთ. საერთოდ, ვერ გეტყვით, რომ  საქართველოში გამოფენებს რამე ძირეული ცვლილებები მოაქვს, უბრალოდ კარგია, რომ საზოგადოება იცნობდეს მხატვრებს.11026351_819472861435101_278968321_n
– ზოგადად, რთულია, მხატვარმა საკუთარი შემოქმედებით იცხოვროს…
– რთულია. მართალია ერთეულები, მაგრამ მაინც არიან მხატვრები, ვინც თავიაანთი შემოქმედებით ცხოვრობენ. ამ კუთხით, საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან ნაკლებად აინტერესებთ ხელოვნება. ვერ ვიტყვი, საქართველოში ადამიანებს ისეთი ფინანსური კრიზისი აქვთ, რომ ნახატები ვერ იყიდონ, უბრალოდ ფულს ვერ იმეტებენ ამისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიას, რომ აქტიურად მუშაობდნენ ჟურნალისტები ხელოვნების მიმართულებით და საზოგადოებას ინფორმაციის მიღებაში დაეხმარონ. კარგი იქნება, თუ სამხატვრო აკადემიაში სისტემა შეიცვლება.
გარდა ამისა, ტენდეცია შემოვიდა, რომ მხოლოდ კონცეპტუალური არტია კარგი და სხვა დანარჩენი – ნაგავი. ეს არასწორი მიდგომაა. კონცეპტუალური არტი კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ და სხვა არფერი.

მზევინარ ხუციშვილი

11041370_819472864768434_834039197_n

11005591_819472874768433_1970620285_n

11047238_819472868101767_2103285694_n

11051624_819472871435100_1616376565_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები