პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით, ხელისუფლებას მემორანდუმს წარუდგენენ

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კაციტაძემ, საარჩევნო კუთხით არსებულ 4 პრობლემურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა მათ შორის, მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა საარჩევნო სისტემის შეცვლაა. მისი განცხადებით, პოლიტიკური ორგანიზაციები მომავალ კვირას ხელისუფლებას ერთიან ხედვას და მემორანდუმს შეთავაზებენ.
„11-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შევქმენით სამუშაო ფორმატი, განვსაზღვრეთ საკითხთა წრე, რომელიც დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს. ასეთი 4 საკითხი არსებობს: ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანია, ანუ უფასო სარეკლამო დროის განაწილების სისწორე და ამომრჩეველთა სიები. ამ ოთხ საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საარჩევნო სისტემა. ამიტომაც, პირველ რიგში, ამ საკითხზე გვსურს საუბარი ხელისუფლებასთან. ამ საკითხებზე შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან. 11 პარტია, პლიუს ორი საპარლამენტო პარტია, 12 არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტთა კლუბი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი შეთანხმდა იმაზე, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა უვარგისია და გამოცვლას საჭიროებს. ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს. მომავალ კვირას ხელისუფლებას შევთავაზებთ ერთიან ხედვას და მემორანდუმს, თუ რას ნიშნავს ჩვენი დაწუნებული ვერსია და რას ვთავაზობთ მას ამის ნაცვლად. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ფორმატი როგორც ხელისუფლების, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით, რათა მოკლე ვადაში საარჩევნო სისტემა შევქმნათ“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები