როდრიგო ფიშერის „მიზანთროპი“ ახმეტელის თეატრის სცენაზე გაიმართება
28 თებერვალს, 20 საათზე, ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი უჩვეულო, ექსპერიმენტული წარმოდგენა გაიმართება. მონო სპექტაკლს „მიზანთროპი“ ბრაზილიელი მსახიობი და რეჟისორი როდრიგო ფიშერი წარმოადგენს. „მიზანთროპი“ Grupo Desvio-ს (ჯგუფი დესვიო, ბრაზილია) ახალი ნამუშევარია, რომელშიც პოეტურად არის გადმოცემული ისეთი თემები, როგორიცაა: წარუმატებლობა, შიში და გადაწყვეტილების მიღების სირთულე. ეს თემატიკა ლაიტმოტივია პერსონაჟისა, რომელიც ცდილობს მოგონებებისა და იდეების გადმოცემით მაყურებელს თავისი ისტორია მოუყვეს. ის ამბის მოსაყოლად სიჩუმეს იყენებს. სცენის სხვადასხვა სიღრმეში პროექციის გამოყენებით ვიდეო ორგანულად არის ინტეგრირებული სპექტაკლის სცენებთან და ფაქტობრივად სცენარის ნაწილი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ძირითადი აქცენტი სწორედ ვიდეოზე კეთდება. როდრიგო ფიშერის ეს წარმოდგენა ბრაზილიაში 2014 წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.