მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით.
28 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ (საკონფერენციო დარბაზში) გაიმართება პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელ მოადგილესთან ერთად, ასევე თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია, დისკუსიები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და სხვა აქტუალურ თემებზე.
ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები – ლევან ხარატიშვილი და მანანა ბერიკაშვილი. კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს რწმუნებულ-გუბერნატორებისათვის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოებისთვის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და „კულტურა 2025“-ის გზამკვლევის გაცნობა, რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგის შეთანხმება. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კვლავ იწვევს კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, ამასთან, მარტის პირველი კვირიდან, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილია გასვლითი სამუშაო შეხვედრები კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით.