საქართველო ევროკავშირის პროგრამის Creative Europe- ის წევრი ქვეყანა გახდა

24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – Creative Europe-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა.

Creative Europe („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. Creative Europe-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ – იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
პროგრამა Creative Europe-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://ec.europa.eu

11004768_816244098424644_125416329_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები