ქადაგიძის საბოტაჟი კატასტროფული შედეგით – “ქადაგიძემ გააკეთა ის, რაც ჩვენს მტრებს 90-იან წლებში არ გაუკეთებიათ, მან ეკონომიკა ნულზე დასვა”

ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ბანკის საბოტაჟზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარტიული, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებით მოქმედებს და მას წარსულსაც უხსენებენ. კერძოდ, გიორგი ქადაგიძის სინდისზეა ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ მისი “სტანდარტ ბანკის” გაკოტრება და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ “ქართუ ბანკზე” თავდასხმა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ორომტრიალში საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად უუნაროა.
 ყურით მოთრეული მიზეზები სპეციალისტების განმარტებით, ლარის დევალვაცია ნოემბერ-დეკემბერში სპეკულაციურად დაიწყო და მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაუფასურების შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, იმ პერიოდის მოვლენებით სამართალდამცავი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყვნენ. გარე და შიდა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ეროვნული ვალუტის დევალვაცია გარდაუვალი იყო, თუმცა არა 2,2 ნიშნულამდე.
 ეროვნულ ბანკში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტის, ინვესტიციების, ტურისტებისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია. სინამდვილეში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა ისეთი მასშტაბური არ ყოფილა, რომელიც სავალუტო ბაზრის კატასტროფას გამოიწვევდა. მაგალითად, შარშან 2008 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია შემოვიდა. 2014 წლის სამ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 923 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წინისწარი პროგნოზით, მთელი წლის საინვესტიციო მონაგარი 1,15-1,2 მილიარდი დოლარი იქნება.
 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009 წელს ქვეყანაში მხოლოდ 658 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2010 წელს – 814 მილიონი დოლარი, 2011 წელს – 1,11 მილიარდი დოლარი, 2012 წელს – 911 მილიონი დოლარი, 2013 წელს – 942 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ექსპორტს, 2013 წელს რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ იგი ნახტომისებურად გაიზარდა, განსაკუთრებით ეს ღვინოსა და უალკოჰოლო სასმელებს შეეხო. შარშან, ცნობილი მოვლენების გამო, ექსპორტი ყველაზე მეტად რუსეთსა და უკრაინაში შემცირდა. მთლიანობაში, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ექსპორტის უკუსვლა აღინიშნა. თუმცა, თუკი წინა წლებს შევადარებთ, შარშანდელი ექსპორტი არც ისე საგანგაშოა. კერძოდ, “საქსტატის” მონაცემებით, 2009 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1,134 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2010 წელს – 1,677 მილიარდი დოლარი, 2011 წელს – 2,189 მილიარდი დოლარი, 2012 წელს – 2,375 მილიარდი დოლარი, 2013 წელს – 2,908 მილიარდი დოლარი, 2014 წელს – 2,861 მილიარდი დოლარი. ლარის დევალვაციის კიდევ ერთი მიზეზი სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოტივით ტურისტების რაოდენობის შემცირებაა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, 2013 წელს წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში 433 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ანუ 10,5%-ით მეტი 2013 წლის დეკემბერთან შედარებით.
 მთელი წლის განმავლობაში კი 5,5 მილიონამდე ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წელს შემოსულთა მაჩვენებელს. შემდეგი მიზეზია ფულადი გზავნილები. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილები 37 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თუმცა ზრდა შეინიშნება წინა წლებთან შედარებით. 2009 წელს ქვეყანაში 841,8 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, 2010 წელს – 1,052 მილიარდი დოლარი, 2011 წელს – 1,268 მილიარდი დოლარი, 2012 წელს – 1,334 მილიარდი დოლარი, 2013 წელს – 1,477 მილიარდი დოლარი, 2014 წელს კი – 1,440 მილიარდი დოლარი. დადგმული სცენარი აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ 2013 წელს ექსპორტი, ინვესტიციები, ტურისტები, ფულადი გზავნილები გაზრდილი იყო, მაგრამ იმ პერიოდში ლარის გაუფასურება მაინც დაიწყო.
 როგორც ზემოთ გამოჩნდა, 2014 წელს რომელიმე ინდიკატორის მკვეთრი ვარდნა არ მომხდარა, რომ ეროვნული ვალუტის კატასტროფული დევალვაცია გამოეწვია. უფრო მეტიც, ექსპერტ მიხეილ დონდუას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულ ბანკს ლარის სტაბილიზაციაზე ეზრუნა, კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მოტივით რეფინანსირების სესხები გაზარდა და გაუფასურების სტიმულირებას შეუწყო ხელი. დემურ გიორხელიძე კი დარწმუნებულია, რომ სებ-ი მთავრობას ძირს უთხრის. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა თებერვლის დასაწყისში 40 მილიონი დოლარი “გაისროლა” და თან რეინვესტირების განაკვეთი 0,5%-ით გაზარდა.
 გიორხელიძის განმარტებით, 40-მილიონიანი ინტერვენცია “აშკარად” ვიღაცის მოთხოვნით იქნა დაკმაყოფილებული. “გავიდა 5 დღე და კურსი ისევ ქვევით წავიდა. ბრიყვისთვისაც გასაგები უნდა იყოს, რომ თამაშდება უმარტივესი რამ: მალე კიდევ უფრო დაიწევს კურსი და ამით სებ-ი ძირს გამოუთხრის მთავრობას, რომელიც აზრზე ვერ მოსულა თუ რა ხდება. არადა, ბიძინას რომ ჰკითხო, ევროპაში ამათი ტოლფასი მთავრობა არ მოიძებნება”, – აღნიშნავს გიორხელიძე და დასძენს, რომ თუ სებ-ი გააგრძელებს თავის სტრატეგიას და, ალბათ, გააგრძელებს, მთავრობის საბოლოოდ მოსათხრელად ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს.
 საბანკო დარგის სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის დაგვიანებულმა რეაქციამ ქვეყანა სავალუტო კოლაფსამდე მიიყვანა. “ნოემბერში, როდესაც ლარმა დაცემა დაიწყო, მაშინ ვთქვით, რომ ეს სავალუტო სპეკულაციაა, დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ. მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვს ლარის ვარდნასთან. ეს არის ცალკეული ბანკების სურვილი, რომ სავალუტო კურსის ცვლილებით ხელი კარგად მოითბონ”, – აცხადებს ელიავა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
 გიორგი ქადაგიძის ბოლო განცხადება მისთვის გამაოგნებელი იყო. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტმა მინიშნება გააკეთა, რომ სანამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიაღწევს, ის ინტერვენციებს არ დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ქადაგიძის განმარტებით ეროვნული ბანკის ბალანსი არის “ჯანმრთელი”. “მთავრობა გახდა უუნარო, ეროვნულ ბანკს ვერ უწევს წინააღმდეგობას. სებ-მა თავისი ფუნქცია-მოვალეობა, პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას გადააბარა. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ქადაგიძეს “ჭკვიანი ახალგაზრდა” უწოდა. ამ “ჭკვიანმა ახალგაზრდამ” გააკეთა ის, რაც ჩვენს მტრებს 90-იან წლებში არ გაუკეთებიათ. მან ეკონომიკა ნულზე დასვა”, – ამბობს ლია ელიავა.
 იგი აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიების ფასიან ქაღალდებში აქვს დაბანდებული და მას რეალურად 600-700 მილიონი დოლარის გამოყენების შესაძლებლობა აქვს. კიდევ ერთი ექსპერტის პაატა შეშელიძის აზრით, ქართულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ლარის ასეთი მასშტაბური დევალვაცია მომხდარიყო. იგი განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელი შეუწყო მიმოქცევაში ლარის დიდი ოდენობით გამოშვებამ. სხვა მიზეზი, რასაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამოწვევა შეეძლო, არ არსებობს.
 “მათ ვერ დაინახეს საფრთხე, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 1,8-იან ნიშნულს გადასცდა. ახლა კი ვერაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ამბობენ “ყველაფერი დროებითია” და “ლარი ჯანსაღია”. ეს უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან იმ საქმისთვის, რისთვისაც ხელი აქვთ მოკიდებული. აქ ხელის დაფარება არ უნდა მოხდეს! ესენი არიან თანამდებობის პირები, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა და ძალიან ბევრი ადამიანი გააღატაკეს! ამის გამოსწორება კი ტექნიკურად შეუძლებელი იქნება. შეიძლება მიადგნენ ივანიშვილს და ძვირად დაუჯდეს მას ლარის ვარდნა. ყველაფერი ასე დამთავრდება, თუ სასწრაფოდ არ შეცვლიან იმ ადამიანებს, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს”, – ამბობს შეშელიძე.
 მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის გაუარესებული, გვაქვს მშპ-ს ზრდა, ინფლაცია არაა, ინვესტიციები შემოდის და როგორც ამბობენ, გაიზარდა კიდეც. ლარში და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები კატასტროფულადაა მომატებული. ერთადერთი სერიოზული მაჩვენებელი, რამაც კურსის ვარდნას სერიოზული ბიძგი მისცა, ეს არის ლარის ემისია. ეროვნული ბანკის მიზანი ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა და ეკონომისტების არგუმენტების მიუხედავად, სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ერთადერთ არგუმენტად “მთავრობის უუნარობას” ასახელებს და აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი მხოლოდ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროცესებია.
 “სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები, რაც გამოიხატა ექსპორტის კლებაში, გზავნილების და ტურიზმის სფეროში, ამან კი ასახვა ჰპოვა ლარის გაცვლით კურსზე და გაუფასურდა. ეროვნული ბანკის წინაშე 3 ძირითადი ამოცანა დგას. პირველი, უზრუნველვყოთ ფინანსური სტაბილურობა, მეორე – ფასების სტაბილურობა, ანუ ის, რომ ლარის დევალვაცია არ გადაიზარდოს ფასების საყოველთაო ზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ საიმპორტო პროდუქციაზე ფასები გაიზარდა. მესამე – შევუმსუბუქოთ ტვირთი იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესებისგან ყველაზე მეტად ზარალობს”, – ამბობს ქადაგიძე.
 რეალობა კი ასეთია, სებ-მა ვერც ეროვნული ვალუტა დაიცვა და ვერც ადამიანებს შეუმსუბუქა ლარის გაუფასურებით დამძიმებული ცხოვრება. ეკონომიკის რა გითხრათ და მოსახლეობა “შოკში” ნამდვილად არის. ქადაგიძე მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდას ხსნის იმით, რომ ეკონომიკის განვითარებას ჭარბი ეროვნული ვალუტა სჭირდება. ლია ელიავა ამ მოსაზრებას ეთანხმება, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს მონეტიზაციის კოეფიციენტი 14% იყო, მიუხედავად ამისა სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს მაინც ახორციელებდა და მიმოქცევიდან ჭარბ ლარს იღებდა. “იმ პერიოდში ეროვნული ბანკისთვის მთავარი ფინანსური სტაბილურობა იყო”, – განმარტავს ელიავა.
 ამჯერად, მონეტიზაციის კოეფიციენტი 17%-ია, მიუხედავად ამისა სებ-მა ეკონომიკის ზრდაზე “ზრუნვით” დროული ინტერვენციები არ განახორციელა და ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.
 “ყველაფერი გაძვირდება, სოციალური აფეთქებაა მოსალოდნელი”, – დასძენს ელიავა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევა უკვე დაგვიანებულია, კრიზისი აშკარაა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების პროცესში დაგვიანებულ და არასწორ რეაგირებაში ადანაშაულებს. ასოციაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებებს საბოტაჟად აღიქვამენ. ნოდარ ჭიჭინაძე ამასთანავე აღნიშნავს, რომ მთავრობას კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩაერიოს. “კანონით ეროვნული ბანკი აპოლიტიკური ინსტიტუტია. ჩემი აზრით კი, იგი აპოლიტიკური ნამდვილად არ არის და პასუხისმგებლობა ყოფილი მმართველი ძალის მიმართ გააჩნია”, – ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 7 წლიანი ვადით ინიშნება და მისი გადაყენების ერთად ერთი ბერკეტი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საერთაშორისო ორგანიზაციებში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს. ვინ არის გიორგი ქადაგიძე? სპეციალისტების ვარაუდით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარტიული ინტერესებით მოქმედებს და მას წარსულსაც უხსენებენ. მას და მის ჯგუფს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ფინანსური შტურმისთვის იყენებდნენ. კერძოდ, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გარკვეული მიზეზების მოშველიებით პატარკაციშვილის “სტანდარტბანკის” გაკოტრება დაიწყო. ამ პროცესში ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მთავარ როლს თამაშობდა. კერძოდ, “სტანდარტ ბანკის” დროებით ადმინისტრატორთა 3-კაციან ჯგუფში შედიოდა: ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი ქადაგიძე, წევრები – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კუხიანიძე და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ირაკლი ზარქუა. იმ პერიოდში “სტანდარტბანკი” “წარმატებით” გაკოტრდა და გაიყიდა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის გაკოტრებასაც შეეცადა, რათა საარჩევნოდ “ქართული ოცნების” დაფინანსების წყარო დაშრეტილიყო.
 ცნობილია, რომ სებ-ი, შემოწმების მიზნით, “ქართუ ბანკში” შევიდა. გარდა ამისა, გაიტაცეს “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა. “ჩემი პოლიტიკური განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ ჯერ საინკასაციო მანქანას აპატიმრებენ, მერე კვირების განმავლობაში ფულის გათეთრებაზე საუბრობდნენ. მაშინდელი გახსნილი გამოძიება დღემდე დაუხურავია. საინკასაციო მანქანა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ჩუმად დააბრუნეს. შემდეგ განხორციელდა ჯგუფური თაღლითობა სააკაშვილის მეთაურობით, გამოიცა კანონი, რომელიც მხოლოდ “ქართუ ბანკზე” ვრცელდებოდა და ბანკიდან ამოღებული ქონება მოაქციეს სახელმწიფო საკუთრებაში. ამის მიუხედავად, მათ ბანკის დაქცევა ვერ მოახერხეს, რადგან მქონდა შესაძლებლობა და ბანკს მე დავეხმარე”, – აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.
 და ბოლოს, სპეციალისტების შეფასებით, მრავალი ამგვარი ფაქტისა და მაგალითის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” ჭკუა ვერ ისწავლა და ჯერარნახული უუნარობა გამოიჩინა. ამასობაში ეროვნულმა ბანკმა თავისი დაფარული ქმედებით თუ უმოქმედობით ქვეყანაში ფინანსურ ქაოსს შეუწყო ხელი.
წყარო “რეზონანსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები