„საქართველოს ოკუპაცია და ადამიანები“ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო გამოფენათა ციკლი

24 თებერვალს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში საგანმანათლებლო გამოფენათა ციკლის ფარგლებში: „საქართველოს ოკუპაცია და ადამიანები“, პროექტი „იუნკერი ივანე ნანუაშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები“ გაიხსნება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება იუნკერ ვანო ნანუაშვილის არქივში დაცული უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა: პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის და აშშ-ს სხვა ცნობილი პოლიტიკოსების პასუხები მის წერილებზე, სამხედო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოალბომები და ვ. ნანუაშვილის ნაშრომები.
ივანე ნანუაშვილი იყო სამხედრო მოღვაწე, 1921 წელს იგი იბრძოდა საქართველო-რუსეთის ომში. სხვა ჯარისკაცებთან ერთად იგი ემიგრაციაში გაყვა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას. ვანო ნანუაშვილს ინგლისურ ენაზე დაწერილი აქვს სამხედრო-პოლიტიკური ნარკვევები. მან 1956 წელს ბოსტონში გამოსცა ნაშრომი „საბჭოთა კავშირის სიძლიერე და სისუსტე“. მისი ინგლისურენოვანი წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ პოპულარობით სარგებლობდა აშშ-სა და ევროპაში. ემიგრანტის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რომელშიც არის საქართველოს უახლესი პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის ამსახველი უნიკალური დოკუმენტები, ფოტოალბომები. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ორი ლექცია. 24 თებერვალს თემაზე: „იუნკერი ივანე ნანუაშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები“ რომელსაც წაიკითხავს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიკოსი შორენა მურუსიძე. ლექციას დაესწრებიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის იუნკრები. ხოლო, 27 თებერვალს, ლექციას „რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვანო ნანუაშვილის შესახებ“ წაიკითხავს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჟღენტი. პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო აქტივობა სკოლის მოსწავლეთათვის.
გამოფენაზე ვიზიტორები 25-დან 27 თებერვლამდე, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე მიიღებიან. ტელ: 2 47 42 42.
პროექტის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის უცნობი ფურცლების შევსება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ემიგრანტული კოლექციის პოპულარიზაცია, კავშირების ჩვენება საქართველოს ახალ და თანამედოროვე ისტორიას შორის და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები