„2-3 თვეში ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელები ჩადგებიან“

ექსპერტთა ვარაუდით, 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების სანაცვლოდ, რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას მოთხოვს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევრაზიული კავშირის გამო მოსკოვის მთავარ ინტერესს ამჟამად სწორედ სომხეთთან რკინიგზის აღდგენა წარმოადგენს, თავად ერევანიც თბილისს მუდმივად ამ თემაზე ესაუბრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღაში კარასინთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება. საქმე ეხება იმ შეთანხმებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს რუსეთის მსო-ში შესვლაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გაფორმდა და რომლის საფუძველზეც შერჩეულ ნეიტრალურ კომპანიას საქართველო-რუსეთის საზღვარზე უნდა ეწარმოებინა საბაჟო ადმინისტრირება და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი. “ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის”, – აცხადებს აბაშიძე.
აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემის განხილვაზე კი ამბობს, რომ ეს ჯერ არ მომხდარა და საკითხის დასმის შემთხვევაში, მოისმენს. აბაშიძის თქმით, შვეიცარიულმა კომპანიამ რომ მუშაობა დაიწყოს, კონტრაქტი როგორც რუსულმა, ისე ქართულმა მხარემ უნდა გააფორმოს. ამის შემდეგ შვეიცარიაში შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი – საქართველოსა და რუსეთის მთავრობების, ასევე შვეიცარიის მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც შემდეგ მონიტორინგს გაუწევენ ამ შვეიცარიულ კომპანიას და, ზოგადად, ამ პროექტის განხორციელებას.
“2011 წლის შემდეგ მუშაობა მიმდინარეობდა ამ კონტრაქტის ტექსტზე. საკმაოდ რთული ტექსტია. ზოგადად, პროექტიც არაორდინარულია. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეაფერხა ყველაფერი, მაგრამ ამ კონტრაქტზე მუშაობისას რუსეთიც ნელი ტემპით მიდიოდა. წინა შეხვედრებზე ერთმანეთს კითხვას ვუსვამდით – აბა, რა სტადიაში ხართ ამ კონტრაქტის მომზადებაში? ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორებიც მუდამ საქმის კურსში იყვნენ. ახლა უკვე ფინიშზე გავედით და უნდა მოვილაპარაკოთ, ჩვენი წარმომადგენლები შვეიცარიაში როდის შეიკრიბებიან, როდის მოაწერენ ხელს დოკუმენტებს, ვინ მოაწერს, ვისგან იქნება ერთობლივი კომიტეტი ჩამოყალიბებული და ა.შ. ამის შემდეგ ეს ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგის თემა პრაღაში აღარ იქნება, ამას დამოუკიდებელი ერთობლივი კომიტეტი გააგრძელებს. კონტრაქტების ტექსტები თითქმის დამთავრებულია. საბოლოოდ მათ გაფორმებას ხანგრძლივი დრო არ უნდა დასჭირდეს. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა, სავარუდოდ, 2-3 თვე”, – ამბობს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები