„ერთადერთი ფილმი, რომელსაც ფეხზე ამდგარი დარბაზი ოვაციებით შეხვდა, “მანდარინები” იყო“
ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების 87-ე დაჯილდოება გაიმართა. „ოსკარის“ მასპინძელი, ნილ პატრიკ ჰარისი იყო.
საუკეთესო ფილმის ტიტული „ბერდმენმა“ მოიპოვა; საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ბერდმენის“ რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ გაიმარჯვა; საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ ედი რედმეინს ერგო („ყველაფრის თეორია“); საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯულიანა მური („კვლავ ელისი“) გახდა; მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯეი ქეი საიმონსი – („შეპყრობილი“) დაჯილდოვდა; ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი „ოსკარი“ პატრისია არკეტმა -(„ახალგაზრდობა“) აიღო; ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის ემანუელ ლუბეცკი – „ბერდმენი“ დაჯილდოვდა; კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის „ოსკარი“ მილენა კანონეროს ერგო („სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“); საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში წარმატება „მეოთხე მოქალაქემ“ მოიპოვა; საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკაროსანი“ – პაველ პავლიკოვსკის „იდა“ გახდა;
„ოსკარი“ საუკეთესო გრიმისთვის და ვარცხნილობისთვის – „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტს“, „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის – „იმიტაციის თამაშს“, ხოლო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის -„ ბერდმენს“ ერგო წილად.
„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის, „მანდარინების“ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ დაჯილდოების შედეგზე განაცხადა, რომ უსამართლობა არ მომხდარა და ფილმი „იდა“ ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა. „ერთადერთი ფილმი, რომელსაც ფეხზე ამდგარი დარბაზი ოვაციებით შეხვდა – იყო „მანდარინები“, თან ეს ორჯერ მოხდა. უბრალოდ, „იდაც“ ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში დაგვასახელეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“, – ამბობს ზაზა ურუშაძე.