ირაკლი ჩარკვიანის „პირადი წერილების“ პრეზენტაცია გაიმართება
24 თებერვალს, ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეს, 19:00-ზე გამომცემლობა „ინტელექტი“ თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში ირაკლი ჩარკვიანის „პირადი წერილების“ პრეზენტაციას გამართავს.
„ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა – პოეზია, მოთხრობები, რომანი – წარმოუდგენელია მისი პერსონის, ავტობიოგრაფიული ნაკადის გარეშე. უფრო მეტიც, ავტორი თვითონვე ცდილობს, ღრმად ჩაიძიროს საკუთარ თავში და შეუბრალებლად გულწრფელი იყოს. რაღაცის შელამაზებას კი არ ეცადოს, არამედ ყველაზე ნამდვილი სიტყვებით გამოხატოს ის განცდები და შეგრძნებები, რომელიც სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ეუფლება. პირადი წერილებიც ამ ნაკადის განუყოფელი ნაწილია. ოღონდ აქ გაცილებით მეტი რეალური პერსონაჟი და გეოგრაფიული პუნქტია. ერთმანეთს ენაცვლება აღელვებული და მგრძნობიარე ხელით შევსებული ფურცლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ ერთადერთ მისამართზე, ერთადერთ ადრესატთან: საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ქუჩა, ირაკლი ჩარკვიანს…“