რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი უკრაინაში სამხედრო ძალას?
რუსეთი მზად არის, უკრაინაში სამხედრო ძალა იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუკი უკრაინული მხარე ყირიმსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დუმის თავმჯდომარეს სერგეი ნარიშკინსა და რადას სპიკერს ალექსანდრე ტურჩინოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ბატკივშინას“ პრესსამსახურმა გაავრცელა. თუმცა, ფედერალური ხელისუფლების ოფიციალურ პირებს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
თავის მხრივ, რადას სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გეგმავს, თუმცა ის პუტინის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო აგრესიისთვის პროვოკაციული ფონის შექმნას არ გამორიცხავს.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაიცვას. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭო სპეციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.