ბრაუდერი: პუტინის ქონება 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
საინვესტიციო ფონდის „Hermitage Capital“-ის ხელმძღვანელმა ბილ ბრაუდერმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 200 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს.
„ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის და იმ თანხების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანამ გამოიმუშავა და თანხები, რომელიც სკოლებზე, გზებზე, საავადმყოფოებზე და ა.შ. არ დახარჯულა – მე ვთვლი, რომ პუტინის ქონება 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ყველა ეს თანხა პუტინის და მისი ახლობლების კონტროლირებად შვეიცარიული ბანკების ანგარიშებზე, აქციებში,ჰეჯ-ფონდებში ინახება“, – განაცხადა ბრაუდერმა.
CNN -ის ინფორმაციით, ბრაუდერი წარსულში რუსეთის უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი და პუტინის რეფორმების მხარდამჭერი იყო. ბრაუდერის სიტყვებით, მან რუსული კომპანიების შესყიდვისას და რუსეთში ინვესტიციების განხორციელებისას აღმოაჩინა, რომ ოლიგარქები და სახელისუფლებო ჩინოვნიკები ამ კომპანიების მთელ მოგებას იპარავდნენ.
„მე ვიფიქრე, რომ ერთადერთი საშუალება, რომლის დახმარებითაც მე მომგებიან ბიზნესს განვახორციელებდი, ამ ყველაფრის შეჩერება იყო. ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი თანხების მოპარვას და შემდეგ ეს საერთაშორისო მედიასაშუალებებს გავუზიარეთ. ამის შემდეგ დაახლოებით ოთხი წელი რუსული კომპანიები ნამდვილად მუშაობდნენ, რადგან ჩემი ინტერესები პუტინის ინტერესებს ემთხვეოდა.
ის იმავე ხალხს ებრძოდა, ვისაც მე. ოლიგარქები მას ხელისუფლებას, ჩვენ კი თანხებს გვტაცებდნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც მე საჯაროდ სკანდალს ვაწყობდი, პუტინი ჩარევას და მის გამოსწორებას ახდენდა. ჩემი შემოსავალი და კომპანიების მოგებაც იზრდებოდა. მე თავს მსოფლიოში საუკეთესო ადამიანად ვთვლიდი , რადგან თანხებს გამოვიმუშავებდი და ამასთან სიკეთეს ვაკეთებდი“, – იხსენებს ბრიტანელი ინვესტორი.
სიტუაციამ ცვლილება დაიწყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა „ოლიგარქებთან გარიგება გააფორმა“ – ინტერვიუს დროს ეს აზრი ბრაუდერს CNN-ის ჟურნალისტმა ფარიდ ზაკარიამ გააცნო. საპასუხოდ ბრაუდერმა კი განაცხადა: „მან ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქები დააპატიმრა, ხოლო შემდეგ დანარჩებს განუცხადა თუკი არ გინდათ თქვენც პატიმრებად იქცეთ, მაშინ თანხები ჩემთან უნდა გაყოთ-ო“.
ის ბიზნესპარტნიორად იქცა და შემდეგ ჩემი აქტიურობა არასასურველი გახდა. იმ მომენტში მე უკვე არა მისი მტრების, არამედ მისი საკუთარი ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მივდიოდი“, – განაცხადა ბილ ბრაუდერმა.
მისი სიტყვებით, ამის შემდეგ მალევე, 2005 წლის ნოემბერში, ის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და რუსეთში შესვლა აუკრძალეს.
„ის რასაც მე იმ დროს ვერ ვხდებოდი და რაც ახლა აბსოლუტურად ნათელი გახდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის არის, რომ პუტინი ამ ყველაფერზე მაღლა არ იდგა, პუტინი მჭიდროდ გარეული იყო ამ ყველაფერში და არა იმისთვის, რომ ოლიგარქები შეეკავებინა – ის თვითონ უმსხვილესი ოლიგარქი იყო“, – განაცხადა ბრაუდერმა.
წყარო: forbes.ru